06 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენა – ეს ის მთავარი საკითხებია, რასაც ქართული საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ყველა შეხვედრაზე განიხილავდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი.

ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს კონგრესში, სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს, ბრენდან ჰანრაჰანს და, როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.

აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო.

მსოფლიოში მიმდინარე ომების ფონზე, საქართველომ გასული კვირა მშვიდობის ფასად დისტანცირებული ურთიერთობების გადატვირთვას დაუთმო. ვიზიტი შეერთებულ შტატებში არ იყო შეხვედრების უბრალო კალენდარი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან, ექსპერტებთანაც და მათგან შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკასთან, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, რუსეთ-უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული პოზიციები მოისმინეს.

ვაშინგტონის მზაობას, გაჯანსაღდეს ურთიერთობები თბილისთან, საფუძვლად უდევს ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების იდენტური ნარატივი და პრიორიტეტები - უსაფრთხოება, ეკონომიკური ინტერესები და ღირებულებათა თანხვედრა. ამერიკულ მხარესთან შეხვედრების ერთ-ერთი თემა ღირებულებითი ერთობა იყო.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული და სუვერენული ერების ალიანსის სამიტზე ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, სატრანზიტო როლზე, გლობალურ და რეგიონულ პოლიტიკაზე და დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე.

დელეგაციის წევრები შეერთებულ შტატებში ვიზიტს პოზიტიურად აფასებენ და თვლიან, რომ გაჩნდა ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესაძლებლობა, რომ ეს ვიზიტი არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მარშრუტი თბილისი – ვაშინგტონი, თეთრი სახლი, პენტაგონი, სენატის, კონგრესის, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის გავლით შესრულებულია. მხარეებს შორის გაცვლილია გზავნილები. გადადგმულია შემხვედრი ნაბიჯები. დელეგაცია საქართველოში სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გადატვირთვის ახალი გზამკვლევით დაბრუნდა. თბილისში იმედოვნებენ, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაღრმავდება და განვითარდება.

დღის ამბები