06 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
"ეს ყველაფერი არის უბრალო ჭორაობა, ქვეყნის მტრობა - მშვიდობა არ სურთ ჩვენს ქვეყანაში, ლოცულობენ, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს უბედურებაში" - ლევან მაჭავარიანი სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებულების შესახებ

ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მცდელობა და განცხადებები ფაქტების გარეშე - მმართველი გუნდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულ გამოძიებას მიესალმება და ამბობს, რომ, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა თუ ქმედებების გამო, ყველამ შესაბამისი პასუხი უნდა აგოს.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ პირებს, ვინც სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, სწორედ ამიტომ უმრავლესობა მათ ქვეყნის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ამ ადამიანების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ერთადერთი მიზანი აქვს და ეს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნაა.

"თუ ამ აქტორებს კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნიათ, რატომ არ მიაწოდეს შესაბამის უწყებებს?! ეს ყველაფერი არის უბრალო ჭორაობა, ქვეყნის მტრობა.

როგორც ცდილობდნენ უკრაინა-რუსეთს ომის დროს, საქართველოსთვის დაებრალებინათ, თითქოს შავი ხვრელი ვიყავით, რომ შეიარაღების გადაცემა ხდებოდა რუსეთისთვის საქართველოს გავლით, ზუსტად ამას აგრძელებენ, მათ მშვიდობა არ სურთ ჩვენს ქვეყანაში, ისინი ლოცულობენ, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს უბედურებაში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები