08 აგვისტო 2026,   04:01
ვრცლად
"ბატონი ელჩი, ავალიანი, ძალიან კარგი პიროვნებაა... ჩვენ გვერდით იყო, არ გვცილდებოდა, გვამშვიდებდა... მეამაყებოდა, რომ ქართველი ვარ" - მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეცრეისი შესრულდა

დღეს, მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ.

საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს,საქართველოს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეციალური რეისით.

"ბატონი ელჩი, საქართველოს წარმომადგენელი, ავალიანი - ძალიან კარგი პიროვნებაა. დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, 3-ჯერ იყო მოსული, ჩვენ გვერდით იყო, არ გვცილდებოდა, გვამშვიდებდა... მეამაყებოდა, რომ ქართველი ვარ. მადლობა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მადლობა ბატონ ავალიანს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მშვიდად და მშვიდობიანად გამოვმგზავრებულიყავით.... ვერ მოხერხდა პირდაპირ დოჰადან გადმოფრენა, მოგვიწია საუდის არაბეთში გადასვლა, შემდეგ საუდის არაბეთიდან მოგვიწია აბუ დაბის გავლით, ომანში გამგზავრება და ეს გზა იყო ძალიან საშიში. როდესაც შევედით აბუ დაბიში, საგანგაშო სიგნალები იყო ხშირი, და იყო ხმაური.

შვილიშვილით ვიყავი და ძალიან შეეშინდა, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა ისე, რომ მშვიდობით ჩამოვედით აქ. 32 საათია, გზაში ვართ - ცოტა გადაღლილები, მაგრამ მადლობა ჩვენს ჩასაყვანად, რომ იმედიანად იყავით, ღმერთმა იმედი არ მოგვიშალოს ", - განაცხადა საქართველოში დაბრუნებულმა მგზავრმა ზაირა მახარაძემ.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა ოთხი სპეციალური რეისი.

 

დღის ამბები