06 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
"ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული - თითოეულ განცხადებას შეიძლება მოჰყვეს ქართველი ხალხის დამაზიანებელი კონკრეტული შედეგები და დამაზიანებელი ნაბიჯები" - გიორგი სოსიაშვილი სუს-ში დაწყებულ გამოძიებაზე

"როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, ყველა კითხვას უნდა გასცე პასუხი", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ განაცხადა.

გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, მსგავს განცხადებებს, შესაძლოა ქართველი ხალხის დამაზიანებელი შედეგები მოჰყვეს.

"როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, ყველა კითხვას უნდა გასცე პასუხი, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდება. ეს არ არის სარისკო წარმოდგენა. ვხედავთ, მსოფლიოში როგორი გეოპოლიტიკური ვითარებაა.

ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული. თითოეულ ამ განცხადებას შეიძლება მოჰყვეს ქართველი ხალხის დამაზიანებელი კონკრეტული შედეგები და დამაზიანებელი ნაბიჯები სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ბუნებრივია, მან უნდა აგოს პასუხის ამ ყველაფერზე", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ წუთებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იკითხებიან. გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძე და ვახტანგ კაპანაძე.

სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებასა და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. თინა ხიდაშელთან შეკითხვები მის ბოლო განცხადებას ეხება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს.

გიორგი კანდელაკი კი "ჰადსონის" ინსტიტუტის მომზადებულ კვლევაში წერდა, რომ რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას. ასევე, ქმნიან ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს და უზრუნველყოფენ იდეოლოგიურ მომზადებას.

რაც შეეხება გივი თარგამაძეს - შეკითხვები მის განცხადებასთან დაკავშირებით გაჩნდა, სადაც ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჯიჰადს ასწავლიან. გამოძიების ფარგლებში, პირველი გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა, მისივე სურვილით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

დღის ამბები