"ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა დაასაბუთონ, რატომ აკეთებენ ასეთი მაღალი რისკის შემცველ განცხადებებს, რაც შესაძლოა, სახიფათოდ რეალიზდეს", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახიფათო საკითხი, ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა დაასაბუთონ, რატომ აკეთებენ ასეთი მაღალი რისკის შემცველ განცხადებებს, რაც შესაძლოა, სახიფათოდ რეალიზდეს. როცა არავითარი საფუძველი, მით უმეტეს, რაღაც ტერორისტულ სკოლებს, რომელიც სამიზნედ უნდა იქნას შემოხაზული და მიწოდებული, ეს არის აბსოლუტურად დანაშაულის ტოლფასი. როცა ასეთ საკითხს აჟღერებენ, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი და ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ინფორმაცია სრულად მიაწოდონ სახელმწიფოს", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. მათივე სურვილით, ისინი სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.
ცოტა ხნის წინ, "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია გივი თარგამაძეც, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების გამო.
სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა.