94 წლის ასაკში, დღეს, ქართველი ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერი და პედაგოგი ელენე მაჭავარიანი გარდაიცვალა.
მეცნიერი 47 სამეცნიერო ნაშრომისა და 7 წიგნის ავტორია. მისი კვლევის ძირითადი სფერო იყო შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნის გაფორმება, მინიატურები, ორნამენტები და ძველი ქართული დამწერლობის ძეგლები.
ელენე მაჭავარიანი იყო მრავალი საერთაშორისო კონფერენციის, სიმპოზიუმისა და კონგრესის მონაწილე, სადაც წარმოდგენილი ჰქონდა კვლევები ქართულ-ბიზანტიური, ქართულ-სომხური და ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობების შესახებ.
იგი აქტიურად მუშაობდა ვენის, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის წიგნსაცავებში დაცულ ქართულ და ბიზანტიურ მოხატულ ხელნაწერებზე.
ელენე მაჭავარიანი 1931 წლის 8 აპრილს თბილისში დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში უკავშირდებოდა ქართულ ხელნაწერთა და შუა საუკუნეების ხელოვნების კვლევას.
1958 წლიდან ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა, 1968 წელს კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გახდა. მოგვიანებით საქმიანობა მეცნიერ-მკვლევარის სტატუსით გააგრძელა, ხოლო 2009 წლიდან, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი იყო.
ელენე მაჭავარიანი, ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის პედაგოგი იყო და კითხულობდა ლექციებს ხელნაწერი წიგნის მხატვრულ გაფორმებაზე. მოგვიანებით ასწავლიდა თბილისის სასულიერო აკადემიაშიც, სადაც უძღვებოდა ლექციების კურსებს - "ხელნაწერი წიგნის სამინიატურო ხელოვნება" და "ქართული დამწერლობა".
ელენე მაჭავარიანი იყო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და პროფესორი.
დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "XII-XIII საუკუნეების ქართულ და ბიზანტიურ მოხატულ ხელნაწერთა ურთიერთმიმართება"; ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "XI-XIV საუკუნეების ქართული ოთხთავის სისტემა".