"იაპონური ბიზნესი საქართველოში - ხიდი შუა დერეფნისკენ", ამ სახელწოდებით თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი იმართება. ღონისძიებაში წამყვანი ქართული და იაპონური კომპანიების წარმომადგენლები, ინვესტორები და საჯარო მოხელეები მონაწილეობენ. ფორუმზე, რომელიც 100-მდე დელეგატს აერთიანებს, საქართველოს საინვესტიციო გარემო და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი აცხადებს, რომ ფორუმი წარმატებით ჩატარდა.
"ფორუმი წარმატებით წარიმართა და მადლიერი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, განსაკუთრებით კი საქართველოს მთავრობის გაწეული დიდი მხარდაჭერისთვის. ეს ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანია. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ, წამოაყენა ინიციატივა "ცენტრალური აზია + იაპონიის" დიალოგის ფარგლებში. მან წარადგინა მთელი რიგი პოლიტიკური ინიციატივები "შუა დერეფნის" განვითარების ხელშესაწყობად. საქართველო კი ამ შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი საყრდენია", - აცხადებს ელჩი.