04 აგვისტო 2026,   06:47
ვრცლად
ახალი რეკრეაციული სივრცე თბილისში - ფონდი "ქართუს", ბრიტანულ კომპანიასა და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიის პოტენციალის შესწავლა იწყება

თბილისში, ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცე მოეწყობა. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის პოტენციალისა და რესურსის გათვალისწინებით დედაქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა იგეგმება.

პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. თბილისის მერიას, ფონდ "ქართუს" და ბრიტანულ კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიის პოტენციალის შესწავლა იწყება. პროექტის მიზანი
ისეთი მასშტაბური გასართობ-შემეცნებითი ჰაბის ჩამოყალიბებაა, რომელიც ვიზიტორებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი რეგიონიდან მოიზიდავს.

ადგილი სადაც მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება ამჟამად უფუნქციოა. მოუწესრიგებელი ლანდშაფტი, რომელიც ბუჩქნარითა და ველური მცენარეებითაა დაფარული სრულად შეიცვლება.

ადგილზე დასასვენებელი სივრცე საერთაშორისო ნორმების დაცვით მოეწყობა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ფონდი "ქართუა". თბილისის ახალი ზოოპარკის მომიჯნავე არეალის განვითარების პროცესში ბრიტანელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ლონდონურმა კომპანიამ უნდა განსაზღვროს ბაზრის მოთხოვნები; ტექნიკური შესაძლებლობები და ფინანსური ეფექტიანობა. ამის შემდეგ კი ჩამოყალიბდება სივრცის ფუნქციური და ვიზუალური იერსახე.

გართობის, შემეცნებისა და დასვენებისთვის განკუთვნილი ზონებით, პროექტი ყველა ასაკის ვიზიტორის ინტერესებს მოერგება. ტერიტორია თბილისის ახალი ზოოპარკისა და ზღვის სიახლოვეს მდებარეობს, რაც სივრცის განვითარებისთვის დამატებით პერსპექტივებს ქმნის.
ადგილობრივი რესურსებისა და ბრიტანული გამოცდილების საფუძველზე თბილისის ზღვის უფუნქციო ტერიტორია მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. დედაქალაქის რეკრეაციულ რუკაზე ახალი, თანამედროვე და მრავალფუნქციური სივრცე გაჩნდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები