06 აგვისტო 2026,   10:34
ვრცლად
ირანის პარლამენტის სპიკერი: ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ჩვენს თავდაცვის ძალებს აქამდე საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილი აქვთ გამოყენებული, ჩვენ ამერიკელებთან და ისრაელელებთან ანგარიშებს აუცილებლად გავასწორებთ

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანის დედაქალაქ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო. თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმები ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სამიზნეებზე ხორციელდება. მედიაში ვრცელდება ცნობები თეირანის პოლიციისა და ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობებთან აფეთქებებთან დაკავშირებით.

"ოპერაცია "ლომის ღრიალის" დაწყებიდან პირველად: ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის გულში ირანის ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებს ურტყამს," - ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში. ირანის სამხედრო ძალები კი, საპასუხო დარტყმებს სპარსეთის ყურის მასშტაბით ახორციელებენ.

დღეს დილით ომანის დუკმის კომერციული პორტი ორი დრონის სამიზნე გახდა, დაშავებულია ერთი მუშა.

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მუჰამედ ბაყერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ მათ თავდაცვის ძალებს აქამდე საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილი აქვთ გამოყენებული.

"ჩვენ ამ მომენტებისთვის ვემზადებოდით და ყველა სცენარი გათვლილი გვქონდა. გეგმები ჩვენი ძვირფასი იმამის, ხამენეის მოწამეობრივი აღსასრულის შემდგომი პერიოდისთვისაც კი შედგენილია. თქვენ იხილავთ, რომ ხელმძღვანელი საბჭოს ჩამოყალიბებით, წარმოუდგენელი ძალა და ერთიანობა დაისადგურებს ოფიციალურ პირებს შორის, თავდაცვის ძალებსა და ხალხში. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ჩვენს თავდაცვის ძალებს აქამდე საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილი აქვთ გამოყენებული; ჩვენ ამერიკელებთან და ისრაელელებთან ანგარიშებს აუცილებლად გავასწორებთ," - აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა, მუჰამედ ბაყერ ყალიბაფმა.

ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დახურულია. აეროპორტები დახურეს - ისრაელმა, კატარმა, სირიამ, ირანმა, ერაყმა, ქუვეითმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. გაუქმებულია 1800-ზე მეტი რეისი. აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაახლოებით 40 ირანელი ოფიციალური პირი დაიღუპა.

დღის ამბები