საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, თუ რატომ დაიბარეს საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩი. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ელჩთან კითხვები ეფუძნებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ლონდონში იქნა მიღებული. კონკრეტულად კი, რა იყო "იმედთან" და POSTV-სთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი. ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩს მოსთხოვეს წარმოედგინა მტკიცებულებები.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიებთან დაკავშირებული ინფორმაცია ლონდონმა თბილისიდან მიიღო.
"დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ეს არის ინფორმაცია, რომელიც მიდის თბილისიდან, სხვაგვარად ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან POSTV-ს ან ტელეკომპანია "იმედს" ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას და, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია POSTV-ისთან და "იმედთან" დაკავშირებით. ასეთი მტკიცებულება და ან დოკუმენტი, რომელიც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს, ბუნებრივია, არაფერი ყოფილა კონკრეტული წარმოდგენილი.
მე მოვისმინე მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია თუ რას ეფუძნება ეს შეფასებები, როდესაც ისინი მიიჩნევენ, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ეს არის ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ, ამას სჭირდება მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მოგვცემენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდათ, თუმცა, რომ გითხრათ მოლოდინი მაქვს ამის, მოგატყუებთ," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა. გარეტ უორდი საგარეო უწყებაში დაახლოებით ერთ საათს იმყოფებოდა.