12 აგვისტო 2026,   10:12
ვრცლად
ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი - საქართველოში ევროკავშირის ელჩი თბილისს რუსეთთან ვაჭრობის გამო აკრიტიკებს, როდესაც მოსკოვთან თავად ბრიუსელიც ვაჭრობს

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე, ევროპელი ლიდერები რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კი თბილისს რუსეთთან ვაჭრობის გამო აკრიტიკებს. მოსკოვთან თავად ბრიუსელიც ვაჭრობს, თუმცა პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან ვაჭრობა შეამცირა, საქართველომ კი გაზარდა.

რატომ ითხოვს ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკის დაზიანებას, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთთან აქტიურად ვაჭრობენ? - კითხვას სვამენ სახელისუფლებო გუნდში. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ელჩის განცხადებას უპასუხა, პარლამენტის თავმჯდომარე იყო. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოკუპაციის პირობებში, ხელისუფლების ვალდებულება არა სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულება, არამედ საკუთარი სახელმწიფოს გადარჩენა, სტაბილურობის შენარჩუნება და მოსახლეობის დაცვაა. სპიკერის თქმით, პაველ ჰერჩინსკის მოწოდება ამ ობიექტური რეალობის იგნორირებაზე მეტყველებს.

მმართველი გუნდი, შვედეთთან ერთად მიუთითებს ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებზეც, პირველ რიგში სწორედ ბალტიისპირეთზე, რომელიც რუსეთთან სპირტიანი სასმელებით აქტიურად ვაჭრობს, ჟურნალისტური გამოძიებით კი ირკვევა, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის კომპანიები სანქციების გვერდის ავლით, ფარულად ამარაგებდნენ რუსულ ტანკერებს. ამის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის ევროკავშირის ეკონომიკური სტრატეგია უფრო მისაღებია, ვიდრე საქართველოსი.

ქვეყანა სხვების გეოპოლიტიკური გათვლების იმედად ვერ იქნება, როდესაც საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ეხება - აცხადებენ სახელისუფლებო პარტიაში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ რუსეთთან ვაჭრობის წილით საქართველოს შედარება ევროკავშირთან, არარელევანტურია.

ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა დღეს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ეფუძნება დღეს ხელისუფლების მიდგომა. მიუთითა ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზეც.

რუსეთთან ვაჭრობის გამო, საქართველო ევროკავშირის ელჩმა იმ ღონისძიებაზე გააკრიტიკა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 4 წლისთავს ეძღვნებოდა.

დღის ამბები