10 აგვისტო 2026,   10:28
ვრცლად
"იკვეთება მცდელობა, რომ ალტერნატიული სიტყვა ჩაახშონ... საეჭვოა ასეთი გაცხოველებული ინტერესი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსადმი" - ლევან მახაშვილი

ტელევიზიების შეზღუდვის მცდელობა და მედიის თავისუფლების ხელყოფა - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "POSTV-ის" დასანქცირებას. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის შეფასებით, იკვეთება მცდელობა, რომ ალტერნატიული სიტყვა ჩაახშონ.

"აშკარად იკვეთება მცდელობა, რომ ალტერნატიული სიტყვა ჩაახშონ. ზოგიერთი მიზეზი, რაც არის იქ დასახელებული, ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ, რომ თავად ევროკომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ბრიტანეთის გადაწყვეტილებასთან. იქ, რაც წერია, ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ რაღაცნაირად ახსნან და გაამართლონ თავიანთი გადაწყვეტილება, რომლის უკანაც იკვეთება მცდელობა, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ, ის სიტყვა, რომელიც მათ არ აწყობთ, ან მათ ე.წ. მესიჯბოქსში არ ჯდება, მაგრამ არის რეალობა - საზოგადოებას ახსოვს ცხოველი ინტერესი დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსადმი. რატომღაც ძალიან საეჭვოა ასეთი გაცხოველებული ინტერესი და, ასევე, საეჭვოა, რომ ეს გადაწყვეტილებები და შეფასებები, რატომღაც ემთხვეოდა ხოლმე კრიტიკულ მომენტებს - ან დემონსტრაციებს, ან უკრაინაში მძიმე ვითარებას. საზოგადოებას ახსოვს სანქციები ცალკეული პირების მხრიდან, განცხადებები ბრიტანელი პოლიტიკოსების მხრიდან, ბრიტანელი პარლამენტარების მხრიდან, სრულიად უსამართლო მცდელობები ზოგიერთი ბრიტანელი პარლამენტარის მხრიდან რომ ქართული დელეგაციები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაეშვათ. ამიტომ, ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი, რეალურად, რა ინტერესი აქვს ასეთი დიდ ბრიტანეთს საქართველოსადმი?! - ხომ არ არის ეს მცდელობა, რომ კვლავ ერთგვარ ესკალაციაში შეიყვანონ ქვეყანა," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. ბრიტანეთს მთავრობის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ, რაც უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს. ამ და სასანქციო დოკუმენტში დასახელებულ სხვა ფაქტებზე ტელეკომპანია "იმედმა" ბრიტანეთის საელჩოს წერილობით მიმართა და კონკრეტული მაგალითების დასახელება მოითხოვა.

დღის ამბები