23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. 1921 წლის საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან მებრძოლ ქართველებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყოველ წელს პატივს მიაგებს.
"თბილისის დამცველთა დღე" - ამ სახელწოდებით ღონისძიებას წლებია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი მართავს. ტრადიცია არც წელს დარღვეულა. ლეგიონის წევრები თავდაპირველად ტაბახმელას სტადიონთან შეიკრიბნენ. მოეწყო ფეხით მსვლელობა იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილამდე. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები.
ამჯერად ფეხით მსვლელობაში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი საბა გაზდელიანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მაზნიაშვილის ლეგიონის წარმომადგენლები და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ სხვადასხვა სკოლაში დაფუძნებული ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში, ლექცია გაიმართა. გარდა ამისა გამოფენაც მოეწყო. წარმოდგენილი იყო მაზნიაშვილის ლეგიონის მიერ ბრძოლის ველის არქეოლოგიური შესწავლის შედეგად ამოღებული არტეფაქტები.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თეატრალური წარმოდგენა, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილი გმირობის შესახებ მოგვითხრობდა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ნომერ მეოთხე სანგართან სასულიერო პირებმა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა შეკრებილები დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა. სასულიერო პირმა 1921 წელი გაიხსენა და გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იუნკერთა თავდადება არ უნდა დაივიწყოს ახალგაზრდა თაობამ.