სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისია მუშაობას განაგრძობს. მომდევნო კვირას პარლამენტში კომისიის წევრები სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ. კანონმდებლები იმ მიზეზებს განიხილავენ, რაც პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს.
"საზოგადოება თავად ხედავს და, საბოლოო ჯამში, დარწმუნდება, რომ სახელმწიფოს ზრუნვა ძალიან დიდია ამ თვალსაზრისით - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელოვნურად არ მოხდეს ფასების ზრდა და ეს ყველაფერი იყოს მიმართული ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ, რა თქმა უნდა, ბიზნეს სექტორის ინტერესების გათვალისწინებით და ამ ბალანსის შენარჩუნებით, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია საბაზრო ეკონომიკის არსებობა," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი.
გასულ კვირას, კომისიის წევრებმა ფასების საკითხზე ფქვილის, პურ-ფუნთუშების და ტკბილეულის მწარმოებლებთან ერთად იმსჯელეს. დაისვა კონკრეტული შეკითხვები, ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც მათ ფასების რეგულირების პროცესში აქვთ.
ასევე ცნობილია, რომ კომისიის მუშაობის პარალელურად, პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კომპანია, რომელიც საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტზე ფასწარმოქმნის პროცესს შეისწავლის.