პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია იკრიბება. დეპუტატები ამჯერად ფქვილის, პურ-ფუნთუშეულის და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ.
საპარლამენტო კომისიის წევრების განმარტებით, შემდეგი შეხვედრები დაგეგმილია დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებთან. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ ღია დისკუსიის შედეგად ყველა მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა მოხერხდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ბიზნესი თავისუფალია, თუმცა არალოგიკურად მაღალი ფასები საზოგადოებას მძიმედ არ უნდა დააწვეს.
"ბიზნესი არის თავისუფალი, ბიზნესის საქმეში არავინ ერევა, მაგრამ ბიზნესს, ამავდროულად, უნდა გააჩნდეს შესაბამისი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თანაბრად, სახელმწიფოსთან ერთად უნდა გაითვალისწინოს. ზე-მოგებების ცდუნებით, არ უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის მძიმე ტვირთად დაწოლა არალოგიკურად მაღალი ფასებით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.