ტრადიცია უცვლელია - დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი ნიღაბი და კოსტიუმია, თუმცა კოსტიუმირებული სანახაობა აქ ერთადერთი გასართობი არ არის.
თეატრალური წარმოდგენები, მუსიკალური ნომრები და ბალ მასკარადები რამდენიმე დღიანი ზეიმის განუყოფელი ნაწილია.
კარნავალი წარმოუდგენელია ვენეციური ნავების შოუს გარეშე. "გრანდ კანალში" მოცურავე საზეიმოდ მორთული ასობით გონდოლა კარნავალის სავიზიტო ბარათია. ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს სწორედ ეს სანახაობა იზიდავს და თავს ვენეციაში უყრის.
წლევანდელ მსვლელობას გოლდოლაზე მოთავსებული თაგვის ფიგურა მიუძღვებოდა - რომელიც დღესასწაულის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა. მალევე ნავებიდან ნიღბიანმა არტისტებმა და აკრობატებმა სან მარკოს მოედანზე გადაინაცვლეს და დღესასწაულის აღნიშვნა განაგრძეს.
ვენეციური თავგადასავლის ისტორია საუკუნეების წინ დაიწყო. პირველი წერილობითი ჩანაწერი 1162 წლით თარიღდება. მას შემდეგ კარნავალი არის სივრცე, სადაც დროებით ქრება სოციალური საზღვრები, თავისუფლების შეგრძნებას კი არისტოკრატსა და უბრალო მოქალაქეს ნიღბები ანიჭებდათ.
ვენეციაში დღემდე ჰყვებიან ლეგენდას, რომ კარნავალის ღამეს ნიღბები ადამიანებს არა მხოლოდ სახეს, არამედ ბედსაც უცვლიდა. ლეგენდის მიხედვით, ასწლეულების წინ, სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანებს კარნავალზე ერთმანეთი შეუყვარდათ. ნიღბებმა მათ თანასწორობა მიანიჭა - მაგრამ დილით, როცა კარნავალი დასრულდა, ისინი ერთმანეთს სამუდამოდ დაშორდნენ. იტალიელებს სჯერათ, რომ მათი სულები დღემდე ვენეციის ქუჩებში დახეტიალობენ.
ისტორიად ქცეული, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია წარსულსა და აწმყოს აკავშირებს. უკვე წლებია, ის ყოველ წელს კონკრეტულ თემას ატარებს, რაც ისტორიულ ტრადიციას თანამედროვე შინაარსს აძლევს. 2026 წლის კარნავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშებითაა შთაგონებული და მილან - კორტინას სპორტულ ასპარეზობებს ეძღვნება.
უკვე რამდენიმე საუკუნეზე მეტია, ვენეციის კარნავალი ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება. წელს ეს დღესასწაული 17 თებერვალს, სან მარკოს მოედანზე ფინალური ღონისძიებით დაიხურება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი