სურსათის ფასებს, სამთავრობო კომისიის პარალელურად საპარლამენტო კომისიაც შეისწავლის. სპეციალური კომისია, საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო კვირას, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე შეიქმნება.
სავარაუდოდ, მომდევნო კვირაშივე გაიმართება ახლად შექმნილი საბჭოს პირველი სხდომაც. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მსგავსად, კანონმდებლები პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასებს შეისწავლიან.
მთავრობის ადმინისტრაციაში, ფასების დარეგულირების საკითხზე შეხვედრები უკვე გაიმართა, ქსელურ მარკეტებთან, დისტრიბუტორებთან, მეწარმეებთან, ასევე ფარმაცევტული და საწვავის კომპანიის წარმომადგენლებთან.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ დამატებითი რეგულაციები თუ გახდება საჭირო, მიიღებენ.
"მოსახლეობასა და ბიზნეს სექტორს შორის უნდა იყოს დაცული ბალანსი, რომ რაღაც განსაკუთრებული და ჭარბი ფასნამატი არ არსებობდეს, რომ ჩვენი მოსახლეობა არ დაზარალდეს.
ამ შეხვედრებმა შედეგი გამოიღო და კიდევ უფრო მეტად გამოიღებს, როდესაც შეიქმნება საპარლამენტო ჯგუფი, დამატებით რეგულაციები თუ გახდება საჭირო ამასაც მივიღებთ,"- აცხადებს სოსიაშვილი.