07 აგვისტო 2026,   09:23
ვრცლად
მოვისმინეთ სექტორიდან სხვადასხვა წინადადებები. გავაგრძელებთ მათთან მუშაობას, გვჯერა, რომ მივაღწევთ და გარკვეულ პერიოდში შევძლებთ ფასების შემცირებას - შოთა ბერეკაშვილი

ფასების რეგულირება პროდუქტებზე და სოციალური ტვირთის შემცირება მოქალაქეებისთვის - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. კერძო სექტორმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია და გააცნო საკუთარი ხედვა, როგორ წარმოუდგენია სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების შემცირება.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, ეს, მესამე შეხვედრა იყო. ორი დღის წინ, პრემიერი უკვე ესაუბრა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს. პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში ორი უწყება - სუსი და საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს. სურსათის გარდა, კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, პარლამენტში შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც დისტრიბუტორებთან, რიტეილერებთან, მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან ერთად იმუშავებენ აღნიშნულ საკითხზე.

"მოვისმინეთ სექტორიდან სხვადასხვა წინადადებები. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან მუშაობას, პარლამენტში შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც დისტრიბუტორებთან, რიტეილერებთან, მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან ერთად იმუშავებენ აღნიშნულ საკითხზე. საბოლოო ჯამში, გვჯერა, რომ მივაღწევთ და გარკვეულ პერიოდში შევძლებთ ფასების შემცირებას", - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

დღის ამბები