ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალაიას ციხეში სატელეფონო ზარების, წერილებისა და პაემნების უფლება შეუზღუდეს, თავად კი, როგორც მისი ადვოკატი, მეუღლესთან არ შეუშვეს. ახალაიას მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნება" სპეკულაციად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.
ბაჩო ახალაიასთან ერთად, 25 დეკემბერს ანი ნადარეიშვილიც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მას ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს თუ მოწმის. შესაბამისად, იქმნება ინტერესთა კონფლიქტი.
"ქართულ ოცნებას" კითხვები აქვს ანი ნადარეიშვილის საადვოკატო საქმიანობაზეც.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ნადარეიშვილი სპეკულირებს.
"ეს ქალბატონი თავისი ადვოკატის მოწმობით სპეკულირებას ცდილობს, თითქოს არ აქვს შესაძლებლობა, თავის მეუღლეს შეხვდეს და ადვოკატის საქმიანობა განახორციელოს. ეს წარმოუდგენელია, როდესაც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი თვითონ არის, რა დაცვის უფლებამოსილებები უნდა განახორციელოს?
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შეცვლის მცდელობა ბაჩანა ახალაიას მიმართ. ქალბატონ ანის აქვს მხოლოდ ადვოკატის მოწმობა, იგი არ არის ჩართული დაკავებულის საადვოკატო საქმიანობაში.
ის, ამ მოწმობის გამოყენებით, უკვე ჟონგლიორს. ამბობს, თითქოს დაკავებულის უფლებები ირღვევა, რაც აბსოლუტური ნონსენსია... ბაჩანას შეუძლია, გაიხსენოს, თავისი ხელმძღვანელობის დროს, როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები საპატიმროებში და ეს დასრულდა 2012 წელს", - აცხადებს გორდულაძე.