08 ივნისი 2026,   14:42
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით "პრეგაბალინის" საქართველოში საჰაერო გზით შემოტანის ფაქტი აღკვეთილია - დაკავებულია ისრაელის 22 წლის მოქალაქე

3 080 აბი "პრეგაბალინის" კადრები თბილისის აეროპორტშია გადაღებული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალება საქართველოში ისრაელის მოქალაქემ შემოიტანა.

ნარკოდანაშაულის ფაქტი სამართალდამცველებმა აეროპორტშივე აღკვეთეს და 22 წლის ჰამმად აბუტაჰას ხელბორკილები დაადეს.

"კურიერის" ინფორმაციით, 3 080 აბი "პრეგაბალინი" 22 წლის მამაკაცს ჩასაბარებელ ბარგში, 3 ჩემოდანში ჰქონდა გადანაწილებული. სპეციალურ სკანერზე რომ არ გამოჩენილიყო, ჰამმად აბუტაჰას ფსიქოტროპული საშუალებები რამდენიმე ფენა პოლიეთილენის პარკში ჰქონდა გადახვეული და ჩანთებში მალავდა.

თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დაკავებული ისრაელის მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

22 წლის ჰამმად აბუტაჰას ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვას და საქართველოში შემოტანას ედავება.

3 080 აბი "პრეგაბალინის" საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სამართალდამცველები იმის დასადგენად მუშაობენ, იყვნენ თუ არა დანაშაულებრივ სქემაში სხვა პირებიც ჩართულები.

აღიარებს თუ არა ისრაელის მოქალაქე წარდგენილ ბრალს, უცნობია. მას იცავს ადვოკატი, თუმცა საჯაროდ საუბარი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ინტერესების დამცველს ამ ეტაპზე არ სურს. 

დღის ამბები