07 აგვისტო 2026,   11:47
ვრცლად
მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მოქნილი და ინოვაციური გადახდის მექანიზმების დანერგვა, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურება - ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში

მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მოქნილი და ინოვაციური გადახდის მექანიზმების დანერგვა, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურება, ფინანსურ სექტორში გაზრდილი კონკურენცია, რომელიც ქმნის მომხმარებლის ინტერესზე ორიენტირებულ თანამედროვე საგადახდო სისტემას - ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში მიღებული ცვლილებები, ამ ძირითად ფაქტორებზეა დაფუძნებული.

კანონში შესული ცვლილებები რამდენიმე ძირეულ სიახლეს ითვალისწინებს. მათ შორის - ღია ბანკინგის მოდელის დანერგვას, როდესაც მომხმარებელი თავად ირჩევს სად, როგორ და ვისთან აწარმოოს ფინანსური საქმიანობა. ცვლილებებით ასევე, ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშები გაუხსნას. რაც პროვაიდერებს მკვეთრად შეუმცირებს საოპერაციო ხარჯებს და დიდ ბანკებზე დამოკიდებულებას. ასევე შექმნის სამართლიან კონკურენტულ გარემოს, სადაც უფრო მეტი მოთამაშე შეძლებს ბაზარზე ოპერირებას.

"ჭკვიანი მარშრუტიზაცია" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. საუბარია ერთი ტერმინალის პრინციპზე, როდესაც სხვადასხვა ბანკის ტერმინალების ნაცვლად ერთი გადახდის პრინციპით, ჭკვიანი ტერმინალები თავად აირჩევენ გადახდის ყველაზე ეფექტურ არხს. შედეგად შემცირდება საკომისიოები, მცირე ბიზნესის ხარჯები დაიკლებს, მომხმარებელი კი მიიღებს უფრო იაფ, სწრაფ და მოქნილ გადახდის მეთოდს.

ვირტუალური აქტივების ბაზრის უსაფრთხოდ ფუნქციონირების, მომხმარებელთა მეტად დაცვისა და საზოგადოებაში ნდობის გაზრდის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები ეროვნული ბანკის სრულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან, სხვა ფინანსური ინსტიტუტების მსგავსად. კონკრეტულად კი , კანონში შესული ცვლილებებით, სებ-ს მიენიჭა უფლება, პროვაიდერისგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია. დაადგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი, ასევე რისკების მართვის სტანდარტები. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ, დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება. ნაცვლად აქამდე არსებული 50 000 ლარისა, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, თუ დავის საგნის ღირებულება 100 000 ლარს არ აღემატება

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით დაამტკიცა. ინიციატორების განმარტებით, ამ კანონის მიღებით ქვეყანა საერთაშორისო ინვესტორებს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ საქართველოში მოქმედებს მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ეკოსისტემა, რომელიც სრულად ეხმიანება გლობალურ ტენდენციებს.

დღის ამბები