07 აგვისტო 2026,   14:02
ვრცლად
"ორმხრივი ინტერესის პროექტის" სტატუსი, რომელიც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ენერგეტიკულ კავშირებს გააძლიერებს - ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს "საერთო და ორმხრივი ინტერესის პროექტის" სტატუსი მიენიჭა

"ორმხრივი ინტერესის პროექტის" სტატუსი, რომელიც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ენერგეტიკულ კავშირებს გააძლიერებს. ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, დამატებით 234 ენერგეტიკულ პროექტთან ერთად, იმ სიაში შეიყვანა, რომლებსაც "საერთო და ორმხრივი ინტერესის პროექტების" სტატუსი მიენიჭა.

ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ უკვე ჩაატარა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. დადასტურდა პროექტის მიზანშეწონილობა ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო მაქსიმალურად არის ჩართული პროექტის განხორციელებაში და ამ მიმართულებით ევროპულ სტრუქტურებთან ეფექტურად თანამშრომლობს.

შერჩეული პროექტები ევროკავშირის დაფინანსებით და დაჩქარებული მარეგულირებელი პროცედურებით უზრუნველყოფილია, რაც მათ დროულ რეალიზაციას განაპირობებს. ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი. დავით მირცხულავა წერს, რომ ქართული პროექტისა და იდეისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. ოპოზიციაში კი სტრატეგიული პროექტის მნიშვნელობასა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოს მისამართით წარმოებულ პოლიტიკას ერთმანეთისგან მიჯნავენ. ამბობენ, რომ წყალქვეშა კაბელის პროექტის აღიარება ევროკავშირის მხრიდან კრიტიკულ დამოკიდებულებას ვერ შეცვლის.

მმართველ გუნდში იმ პოზიტიურ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირება, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა. სახელისუფლებო გუნდში ევრობიუროკრატების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ არასამართლიანი დამოკიდებულების გამო ბრიუსელი ხშირად უგულებელყოფს იმ შედეგებს, რომელსაც საქართველო თავად ევროკომისიის შეფასებით იღებს.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმსხვილესი საერთაშორისო პროექტია, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს, ფართო კონტექსტში კი – სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს.

წყალქვეშა კაბელის სიგრძე 1155 კმ იქნება.

დღის ამბები