07 აგვისტო 2026,   09:43
ვრცლად
"სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის თანხის დაბრუნების გარანტია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმაც ისაუბრა. გრძელდება ზეწოლა, შანტაჟი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ მოვლენებთან" - ირაკლი კობახიძე ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან დავის ყველა პუნქტში გაიმარჯვა.

მისი შეფასებით, Credit Suisse-თან დაკავშირებულ დავას პოლიტიკური საფუძველი აქვს და გამოიყენება შანტაჟისა და ზეწოლისთვის.

"ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით. ყველამ ისედაც ვიცოდით, რა იყო სიმართლე და რამდენად უხეში იყო ძარცვის ის საქმე, რომელიც დაკავშირებული იყო შვეიცარიულ ბანკში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშთან. ეს იყო საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და ამას ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი. შეგახსენებთ, რომ ამ ძარცვის საქმის დაწყება უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ყოველგვარი კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, მაშინდელ ხელისუფლებასთან და ამის შემდეგ დაიწყო მთელი ეს პროცესი, რომელიც გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიუთითებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის კონკრეტულად საბანკო სისტემაში ჩამოყალიბებული - ასე უხეშად იქცევიან, ასე უხეშად ეპყრობიან კერძო კლიენტებს კონკრეტული კომერციული ორგანიზაციები. ეს ხდება შუაგულ ევროპაში, შვეიცარიაში. ამას ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე ათწლეულის წინ, თუმცა, რაც წარმოუდგენელი იყო წლების წინ, დღეს ის არის შემდგარი ფაქტი.

რაც შეეხება უშუალოდ თანხის დაბრუნებას - თავისთავად, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ამის გარანტია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმაც ისაუბრა. გრძელდება ზეწოლა, შანტაჟი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ მოვლენებთან და ვფიქრობთ, რომ ეს შანტაჟი მომავალშიც გაგრძელდება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვერავითარი შანტაჟი მას ვერ აიძულებს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგას რაიმე ნაბიჯი," - აცხადებს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან დავაში ყველა პუნქტში გაიმარჯვა. გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში დატოვა, არამედ Credit Suisse-სის წინააღმდეგ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი კეთილსინდისიერი კრედიტორის მიმართ ფინანსური და მორალური ნორმების პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

დღის ამბები