ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური გუნდი უკვე რამდენიმე კვირაა უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს ყველა პლატფორმაზე ებრძვის. პოლიტიკოსები, მშენებლობის წინააღმდეგ, მთავარ არგუმენტად, საერთაშორისო სტანდარტით გაფორმებულ, კომერციული საიდუმლოს შემცველ ხელშეკრულებაზე აპელირებენ, იმ ფონზე, როდესაც მათ ლიდერებს ანაკლიის პორტთან ზუსტად იდენტური ხელშეკრულება აკავშირებდათ.
"ლელოს" გენერალურმა მდივანმა "ღამის კურიერში" Eagle Hills-ის მრავალმილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ არგუმენტად, ამჯერად სავარაუდოდ მეჩეთების მშენებლობა დაასახელა.
ოპოზიციონერ პოლიტიკოს, გუშინვე უპასუხა სხვა ეთერიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კუპრაძის განცხადება დეზინფორმაციაა, რომელიც მიზნად ქართული ეკონომიკის დაზიანებას ისახავს. პრემიერის თქმით, არანაირი მეჩეთის მშენებლობა არ იგეგმება.
პრემიერ-მინისტრის არაერთი განმარტების მიუხედავად, "ლელოს" წევრები დღესაც ამტკიცებდნენ, რომ მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტის ადგილზე მუსლიმანური რელიგიური სალოცავების მშენებლობა იგეგმება. "ლელოს" მსგავსად, მრავალმილიარდიან ინვესტიციას ეწინააღმდეგებიან "ნაციონალურ მოძრაობაშიც".
"ლელოს" ქსენოფობიასა და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ გონიოსა და თბილისში პროექტის განხორციელება, 4 სეზონზე გათვლილ ურბანულ სივრცეებს გააჩენს, შეიქმნება 8 ათასი მუდმივი სამუშაო ადგილი, ქართული ეკონომიკა კი გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების ახალ სტიმულს შეიძენს.
Eagle Hills-თან 6.6 მილიარდიანი საინვესტიციო ხელშეკრულება 2025 წელს გაფორმდა. არაბული კომპანია, რომელიც დეველოპერულ პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საცხოვრებელი კომპლექსებისა, კომერციული ფართების, სასტუმროებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობას გონიოსა და თბილისში გეგმავს, სადაც 24 000 ადამიანი უნდა დასაქმდეს, საქართველოს ბიუჯეტმა კი ყოველწლიურად 700 მილიონი ლარი უნდა მიიღოს