07 აგვისტო 2026,   09:37
ვრცლად
სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - ამოღებულია 35 კილოგრამი მარიხუანა, რომლის სავარაუდო ფასი ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონ ლარს შეადგენს

სამართალდამცველები დიდუბის რაიონში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გვიან ღამით მივიდნენ. საგამოძიებო მოქმედებები სარაჯიშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საცხოვრებელი სახლიდან პოლიციამ 35 კილოგრამი მარიხუანა ამოიღო.

"რუსთავი 2" დღეს იმ მისამართზე იმყოფებოდა, სადაც საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა. საცხოვრებელი სახლი დაკეტილი დაგხვდათ. ადგილობრივები "კურიერთან" აცხადებენ, რომ ნარკოდანაშაულში მხილებული პირი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევა. ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 146 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა ამოიღო.

დაკავებული 32 წლის მამაკაცი ირანის მოქალაქეა. ირკვევა, რომ მან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება საძინებელში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ინახავდა. ელექტრო სასწორის საშუალებით თვითონ ახარისხებდა და სარეალიზაციოდ ამზადებდა.

ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე სამი მილიონი ლარია. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ის მასალებიც ამოიღეს, რომლებითაც ბრალდებული მარიხუანას აფასოებდა. ნარკოდანაშაულში მხილებულ 32 წლის მამაკაცს ბრალდება უკვე წარედგინა.

დანაშაულში მხილებულ პირს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები