მექსიკაში, პრეზიდენტის სასახლის ჯებირი დემონსტრანტებმა ჯერ მაკრატლებით გაჭრეს, შემდეგ კი ქვების, ჩაქუჩებისა და ბლაგვი მყარი საგნების გამოყენებით, დაანგრიეს. ზაკალოს მოედანზე მრავალათასიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.
დემონსტრანტების დასაშლელად, ძალოვნებმა ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენეს. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 120 ადამიანი დაშავდა, უმეტესობა პოლიციელია. ანტისამთავრობო მიტინგზე სამართალდამცველებმა 20 მოქალაქე სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს.
მეხიკოს ცენტრში გამართული აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "მექსიკა ჯენ ზი" აღმოჩნდა. ახალგაზრდების გაერთიანება თვის დასაწყისში მომხდარ, ქალაქ ურუაპანის მერის მკვლელობას აპროტესტებს და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ჯგუფის მანიფესტში ნათქვამია, რომ კლაუდია შეინბაუმი ნარკომოვაჭრეებს მფარველობს.
ბრალდებებს ეხმაურება ქვეყნის პრეზიდენტი. კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, პროტესტი მემარჯვენე პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორების მიზნით დააფინანსეს. შეინბაუმმა მოქალაქეებს პროტესტის "მშვიდობიანი" გზით გაგრძელებისკენ მოუწოდა და მომხდარი ძალადობა დაგმო.
მექსიკაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სულ, სხვადასხვა ქალაქის 6 მოქმედი მერი მოკლეს. ირკვევა, რომ ყოველი დანაშაულის უკან ნარკოტიკით ვაჭრობასთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან. ოპოზიცია ქვეყნის ხელისუფლებას უმოქმედობასა და ნარკომოვაჭრეების მფარველობაში ადანაშაულებს.