08 ივნისი 2026,   15:40
ვრცლად
აწამა, დაჩეხა, თავი მოაჭრა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა - ძაღლების მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ყვარელში მდებარე საცხოვრებელი სახლი სასტიკი დანაშაულის ადგილია. ახალგაზრდა მამაკაცი ორ ძაღლს ფიზიკურად სწორედ სახლში გაუსწორდა, აწამა, დაჩეხა, თავი მოაჭრა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულის - იარაღი ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ძაღლების მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე პოლიციამ 32 წლის გიორგი ძამსაშვილი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. ის სასჯელს წლების წინ, მამაზე ძალადობის ბრალდებით იხდიდა. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, საკუთარ სახლში დააკავეს. ძამსაშვილების საცხოვრებელ სახლში, დღეს, "კურიერი" იმყოფებოდა. დაკავებულის ოჯახის წევრები მომხდარი დანაშაულის დეტალებზე და მოტივებზე არ საუბრობენ.

ცხოველების განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის საქმეზე დაკავებული გიორგი ძამსაშვილი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა და სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებულმა მცირე სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დაკავებულს, ფსიქიატრიული მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ცხოველების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის საქმეზე, გამოძიება 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები