სამედიცინო ცნობა გამოგონილი დიაგნოზით და სანაცვლოდ აღებული 3200 ლარი - ფარული კადრები ქუთაისშია გადაღებული. ქალი, რომელიც მასალაში ჩანს, მოქალაქეს ეპილეფსიის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტს აწვდის.
ეს ფარული კადრები, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გადაიღეს, დანაშაულებრივი სქემა გაშიფრეს და სამედიცინო მოწმობის დამზადების, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ექიმები თანამზრახველებთან ერთად ყალბ სამედიცინო ცნობას ამზადებენ, დიაგნოზს კი ისეთს წერდნენ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებისთვის იყო აუცილებელი, სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იღებდნენ.
"კურიერმა" სამედიცინო მოწმობის დამზადების და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების საქმეზე დეტალები და დაკავებულების ვინაობა გაარკვია.
დალი ტაკიძემ, 3000 ლარის სანაცვლოდ, სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე მოქალაქეს, ასთმის დიაგნოზი დაუსვა და ყალბი მოწმობა დაუმზადა.
9500 ლარი აიღო თალიე დიასამიძემ და მოქალაქეს დიაგნოზში C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება ჩაუწერა.
"კურიერი" დღეს იმ კლინიკებშიც მივიდა, სადაც დაკავებულებს, სავარაუდოდ, სამედიცინო შემოწმებაზე მოქალაქეები მიჰყავდათ. კლინიკების წარმომადგენლებს დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და როგორც თავად ამბობენ, არც დაკავებულებს იცნობენ.
გამოძიების ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტით თანხის გადამხდელი მოქალაქე, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით ისარგებლებდა. დანაშაულის ფაქტს, სუსის მიერ დღეს გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც ადასტურებს, მასალაში შეთანხმების პირობებზეა საუბარი.
როგორ მოქმედებდნენ კომერციული მოსყიდვის სქემაში ჩართული პირები და რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა - დეტალები დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა განმარტა.
სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების მხრიდან, ყალბი ცნობების გაცემის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფო ინტერესებს, ასევე აზიანებს პროფესიონალი ექიმების იმიჯს.
იყვნენ თუ არა კორუფციულ დანაშაულთან კავშირში სხვა პირებიც, ამის დასადგენად ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, სამ დაკავებულს კი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.