ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი გვიან ღამით დატოვა. ის საპატიმრო გირაოს გადახდის საფუძველზე გათავისუფლდა. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო მას საქალაქო სასამართლომ გუშინ შეუფარდა. სასამართლოს გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
დაცვის მხარემ კი უარყო ბრალდება და აღნიშნა, რომ არ არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებს. შესაბამისად, ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებაზე და მოსამართლეს პირადი თავდებობა შესთავაზა. დაცვის მხარის თქმით, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს თავდებში ოთხი პირი დაუდგება - მისი ვაჟი, ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, მალხაზ გომელაური, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და თამილა ლაფანაშვილი.
სიტყვის უფლებით ისარგებლა გიორგი ჩახუნაშვილმა და მოსამართლეს უთხრა, რომ წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლის.