ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განსასჯელის სკამი დღეს მასში მონაწილე 8 პირმა დაიკავა. სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა საქმე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოსამართლემ განიხილა. თუმცა ორივე მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების პოზიცია სრულად გაიზიარა და რვავეს უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი, რომელიც პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, 4 ოქტომბრის აქციაზე ქვას იღებს და სავარაუდოდ, სამართალდამცველების მიმართულებით ისვრის. ბრალდების მხარის თქმით, ეს კადრები ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელიც დაკავებულების წინააღმდეგ საქმეში დევს. ასევე საქმის მასალებშია მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნებიც.
13 დაკავებულის წინააღმდეგ საქმეში დევს თითქმის 8 წუთიანი ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურამ უკვე გაასაჯაროვა. კადრებში ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. აქციის მონაწილეთა ნაწილი ორბელიანის სასახლის ღობეს ამტვრევს, ნაწილი სამართალდამცველებს ეწინააღმდეგება და ფიზიკურად უსწორდება. სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირ ეთერში გასულ კადრებში მოხვდნენ ის პირებიც, რომლებიც საპრეზიდენტო რეზიდენციის ეზოში რკინის კონსტრუქციებს ისროდნენ.
ძალადობრივი აქციის მონაწილეთა დასაკავებლად, გუშინ ღამით, კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა და სამართალდამცველებმა 4 ადამიანს ხელბორკილები დაადეს. მალევე დაკავებულ იქნა აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ნანა სანდერი. იგი ძალადობრივი აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება, აგროვებდა ემიგრანტების მიერ ჩარიცხულ თანხებს დემონსტრანტებისთვის ეკიპირების შესაძენად. თუმცა ვერშემდგარი რევოლუციის შემდეგ, მისი ხარჯების მიზნობრიობით თავად აქციის მონაწილეები დაინტერესდნენ და მას ბრალი თანხების მითვისებაშიც წაუყენეს.
4 ოქტომბრამდე სანდერი ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობდა, მათ შორის, სასულიერო პირებთანაც, სადაც ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების დასამხობად ყოფილი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მებრძოლთა ჯგუფი ჰყავდა.
ამ განცხადების ავტორთან ერთად გისოსებს მიღმა კიდევ 22 ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის, 5 "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. მათ უდანაშაულობას გარედან ამ პარტიის სხვა წარმომადგენლები ამტკიცებენ, მმართველ გუნდში კი ოპონენტებს ახსენებენ, რომ სახელმწიფოს დამხობის მცდელობა დაუსჯელი არ დარჩება.
4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილე 23 პირი ახლა განსასჯელის სკამზეა. მათგან ხუთ ორგანიზატორს – მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძესა და შოთა ბერიძეს – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. 3 ადამიანი კი ამ დრომდე იძებნება.
ავტორი: ნანა გოგატაძე