19 ივნისი 2026,   09:38
ვრცლად
4 კონტინენტი, 16 ქვეყანა და 25 ქალაქი - მსოფლიოს მასშტაბით, ათი ათასობით პროპელსტინელი დემონსტრანტი ისრაელის საზღვაო ძალების მიერ ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერებას აპროტესტებს

4 კონტინენტი, 16 ქვეყანა და 25 ქალაქი - მსოფლიოს მასშტაბით, ათი ათასობით პროპელსტინელი დემონსტრანტი ისრაელის საზღვაო ძლების მიერ ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერებას აპროტესტებს.

პროტესტი იტალიაში სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა - ბოლონიაში, რკინიგზის სადგურის გადაკეტვის მცდელობისას ძალოვანებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. რომში, მილანში, ნეაპოლში და ფლორენციაში აქციის მონაწილეებს პროფკავშირები შეუერთდნენ და მოქალაქეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

საპროტესტო მსვლელობას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა შვეიცარიაშიც. ჟენევაში პოლიციამ მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

ესპანეთის 35 ქალაქში ისრაელის შეიარაღებული ძალების ქმედებები ათასობით სტუდენტმა გააპროტესტა. პალესტინის მხარდამჭერები ქვეყნის ხელისუფლებას ისრაელთან პოლიტიკური, დიპლომატიური, კომერციული, სამხედრო და კულტურული კავშირის შეწყვეტას ითხოვენ.

პროტესტის ეპიცენტრია საფრანგეთიც - პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე, მრავალათასიანი დემონსტრაციის პარალელურად, პოლიციამ მარსელში ასზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც იარაღის მწარმოებელი ერთ ერთი კომპანიის ოფისში შეჭრას ცდილობდნენ.

"თავისუფლება ღაზას" და "თავისუფლება პალესტინას" - ამ შეძახილების ფონზე, აქციები გერმანიის არაერთ ქალაქში ჩატარდა. პოლიციის მისამართით ბოთლები და პიროტექნიკა ისროლეს პროტესტის მონაწილეებმა ბერლინში. მომიტინგეებმა რკინიგზის პარალიზება სცადეს, რის გამოც პოლიციამ 50 მოქალაქე დააკავა.

ხმელთაშუა ზღვაში ღაზისკენ მიმავალი ფლოტილიის გემების გაჩერება ისრაელის ძალებმა ორი დღის წინ დაიწყეს. ამ დროისთვის, დაკავებულია 41 ხომალდი, რომელზეც 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და კლიმატის დამცველი აქტივისტები იმყოფებოდნენ. დაკავებულია გრეტა თუნბერგიც.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე 

დღის ამბები