07 აგვისტო 2026,   09:48
ვრცლად
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება - გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად, მოქმედებებში საკუთარი მშობლებიც ჩართო

სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მარინა რამაზაშვილს და ალექსანდრე ბაჩიაშვილს, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. საუბარია მილიონობით დოლარზე. გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში საკუთარი მშობლებიც ჩართო. ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, სწორედ მათი ხელშეწყობით ხორციელდებოდა 2017-2023 წლებში საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხების და აქტივების გადმოტანის ოპერაციები, ქონებების შეძენით და შემდგომი რეალიზაციით კი ხდებოდა აქტივების წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა, რაც პროკურორის თქმით, საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდება. ფულის გათეთრებაში დახმარებას აბსურდულ ბრალდებას უწოდებს დაცვის მხარე.

ბრალდებულები უკვე რამდენიმე თვეა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან. გიორგი ბაჩიაშვილის დედა მის მიმართ, დაუსწრებლად დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შემდეგ, რამდენიმე მედიას დისტანციურადაც ჩაერთო

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ საქმეში დანაშაულის ნიშნები იმდენად მკაფიოა, კითხვებს არ ტოვებს. უმრავლესობის თქმით, თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი თანაბრად აგებს პასუხს, პირველ რიგში, კანონის წინაშე, და არა დაზარალებულის გამო. ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, რომლის კუთვნილი ბიტკოინების მითვისების საქმეზე ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელიც მაინინგში ინვესტიციის შედეგად გამომუშავებულ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტას განაგებდა,არ მოახდინა ვირტუალური აქტივების შესაბამისი ოდენობის გადაცემა ინვესტორისათვის და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 8 986.8675 ბიტკოინი. რა გზით დაეუფლა გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის კუთვნილ ორი მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტას? - ოპოზიციაში ამბობენ, რომ დეტალები არ იციან, თუმცა საქმეს პირად და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

როგორ მოაქცია მშობლების დახმარებით, ბაჩიაშვილმა მითვისებული ქონება ლეგალურ ჩარჩოებში? - უმრავლესობაში განმარტავენ, რომ დეტალები გამოძიების მიმდინარეობისას დაზუსტდება, იმ მტკიცებულებების სტანდარტით, რომლითაც თავად ბაჩიაშვილი უკვე მსჯავრდებულია.

თავად გიორგი ბაჩიაშვილმა მისი მშობლების მიმართ დაწყებულ დევნას პოლიტიკური შურისძიება უწოდა, სამართლებრივ ნაწილზე კი არაფერი უთქვამს. განცხადება მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა, საუბარია საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, რაზეც დღეს ბაჩიაშვილს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ეს განაჩენი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე შეფარდებულმა 11-წლიანმა სასჯელმა შთანთქა.

დღის ამბები