დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება - კრივში მსოფლიო ჩემპიონის პოზიცია ცნობილია. დეტალები "კურიერს" მისმა ინტერესების დამცველმა უთხრა. ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი კანდელაკს, არალეგალურ საწარმოსთან და ალკოჰოლური სასმელების კუსტარულად დამზადების ფაქტთან კავშირი არ აქვს.
გაგი მოსიაშვილი საქმის მასალებს არ გასცნობია, კონკრეტულ გარემოებებზეც ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები, მსოფლიო ჩემპიონის ბრალეულობას არ ადასტურებს.
"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულს არ აღიარებს კიდევ ერთი დაკავებული, ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც გორის საკრებულოს, მოქმედი დეპუტატია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ სხვა ბრალდებულები.
ადვოკატებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ბრალდება იმ მტკიცებულებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში უკვე დევს. პროკურატურამ განმარტა სქემაც, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები მოქმედებენ.
2022 წელს, მას შემდეგ, რაც ორგანიზებული ჯგუფი შეიქმნა გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა იჯარით აიღეს მიწის ნაკვეთი, ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად მოაწყვეს საჭირო ინფრასტრუქტურა და დადგეს ტექნიკური მოწყობილობები, დაიწყეს სასმელების კუსტარულად დამზადება, უფრო მეტი ფინანსური სარგებლის მიზნით კი ბოთლებს ცნობილი უცხოური ბრენდების - "გრეი გუსის", "ბელუგას", "ჩივას რეგალის", "ბორკანის" და "ბელვედერის" ეტიკეტებს აკრავდნენ.
დანაშაული, რომელიც მძიმე კატეგორიაში შედის, 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საწარმოში, რომელიც სოფელ ორთაშენში მდებარეობს, ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის იცლება ცისტერნები, რომლებიც 24 ტონამდე , ალკოჰოლური სასმელით იყო სავსე. "კურიერის" ინფორმაციით, ამოღებულ სითხეს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება და გამოძიება დაადგენს იყო თუ არა ის სიცოცხლისთვის საშიში.
ამ დრომდე გრძელდება საქმეზე გამოკითხვებიც. არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს
მანამდე კი ორგანიზებული ჯგუფის შვიდივე წევრს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 7 პირი ახლა სასამართლოს ელოდება. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა მათ პატიმრობას მოითხოვს.