მოკრივეს გიორგი კანდელაკს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ექვს პირს ბრალი წარედგინა. პროკურატურა სასამართლოს შვიდივე დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში არალეგალური საწარმო გამოავლინა და ათეულობით მილიონის ღირებულების კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი და უაქციზო სიგარეტი ამოიღო. არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, ასევე ტარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, იყო თუ არა შიდა ქართლში კუსტარულად ჩამოსხმული სასმელი საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
დაკავებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს და არ ეთანხმება წარდგენილ ბრალს. დანაშაულს არ აღიარებს არც მოკრივე გიორგი კანდელაკი.
ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს ყოველგვარ კავშირს სხვა დაკავებულებთან.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს. საერთოდ უარყოფს ყოველგვარ კავშირს და ნაცნობობასაც კი ამათთან. ფაქტიურად, არ იცნობს იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ჯგუფში არის მოხვედრილი. არ ვიცით, საქმეში რა არის, გადმოგვცემენ მასალებს თუმცა ვიცით ბრალდებულის პოზიცია, რომ ბუნებაში ვერ იარსებებს მათთან კავშირში ყოფნის და დანაშაულებრივი ქმედების რაიმე მტკიცებულება", - ამბობს ადვოკატი, ზაალ დავითაია.
განცხადება გააკეთა ბრალდების მხარემ. პროკურორ გიორგი გაგნიძის თქმით, წარდგენილი ბრალი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ბრალდებულებმა, 2022 წლიდან ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ჯგუფის წევრების განზრახვა მოიცავდა აქციზურ მარკას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების ალკოჰოლური სასმელების დამზადება-შენახვას და მისი შემდგომი რეალიზაციით, მატერიალური სარგებლის მიღებას. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების და შენახვის, ასევე დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონო ნიშანდობლივი საქონლის წარმოების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს გიორგი გაგნიძე.
გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, ქალაქ გორში ჰქონდათ არალეგალური ქარხანა, სადაც კუსტარულად ასხამდნენ ალკოჰოლურ სასმელებს. ქარხანაში იყო რამდენიმე ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.