19 ივნისი 2026,   09:36
ვრცლად
პუტინმა ზელენსკი მოსკოვში დაიბარა, უკრაინის პრეზიდენტისთვის მოსკოვში ჩასვლა კი მიუღებელია - მხარეების შეხვედრის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა

პუტინმა ზელენსკი მოსკოვში დაიბარა, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტის მიმართვის საპასუხოდ დათანხმდა. თუმცა, კრემლის ლიდერი სამშვიდობო სამიტის გამართვის პირობას ასახელებს და შეხვედრის ადგილად მხოლოდ რუსეთს განიხილავს. საკითხზე პუტინმა პეკინში ოთხდღიანი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პუტინის წინადადებას ელისეის სასახლიდან გამოეხმაურა ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტისთვის მოსკოვში ჩასვლა მიუღებელია. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ელისეის სასახლეში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სადაც 26 მოკავშირე სახელმწიფოსგან პირობა მიიღო, რომ ომის დასრულების შემდეგ 26 ქვეყანა საკუთარ სამხედრო კონტინგენტს უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად გაგზავნის.

მხარეების შეხვედრის შესახებ ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპს, ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენციაზე შეახსენეს, რომ ორ კვირიანი ვადა, რომელიც მან რუს კოლეგას კიევი-მოსკოვის მაღალი დონის მოლაპარაკებების გამართვისთვის მისცა, იწურება. ტრამპი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს და რუსეთის წინააღმდეგ დაანონსებულ ზომებს კრემლიდან მიღებული პასუხის შესაბამისად მიიღებს.

სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს. აგრესიის სამიზნე დღეს ზაპოროჟიეს, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქები გახდა. დაიღუპა 15 ადამიანი, დაშავებულია ოცდაათზე მეტი. ქვეყნის ქალაქებში
და დასახლებებში სახანძრო სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

დღის ამბები