თავდასხმა კათოლიკურ სკოლაზე - ვიდეო 23 წლის რობინ ვესტმენმა თავდასხმამდე ცოტა ხით ადრე youtube-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა. ჩანაწერში ისმის ახალგაზრდა ადამიანის ხმა, სადაც ის დაგეგმილ დანაშაულზე საუბრობს და ბოდიშს წინასწარ მხოლოდ საკუთარ ოჯახს უხდის. კადრებში ნაჩვენებია იარაღის რამდენიმე მჭიდიც ძალადობრივი შინაარსის წარწერით, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების და შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ. ჩხრეკისას მის სახლში ასევე აღმოაჩინეს რუსულ ენაზე შევსებული დღიური. დგინდება, რომ ვესტმენი არაერთი ნეონაცისტი და სერიული მკვლელის, მათ შორის ანდრეი ბრეივიკის შთაგონებით მოქმედებდა.
რობინ ვეტსმენმა მინეაპოლისის კათოლიკურ სკოლაში ცეცხლი იმ დროს გახსნა, როდესაც ბავშვები და მასწავლებლები საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებულ ტაძარში წირვას ესწრებოდნენ. ლოცვის დროს თავდამსხმელმა რვა და ათი წლის ბავშვები მოკლა, 17 ადამიანი კი დაჭრა, მათ შორის 14 არასრულწლოვანია.
შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ რობინ ვესტმენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ყველა იარაღი 23 წლის ახალგაზრდამ კანონიერი გზით, თავადვე შეიძინა. სწორედ ამიტომ, ქალაქის მცხოვრებლები კანონმდებლობის გამკაცრებას და ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე აკრძალვების დაწესებას ითხოვენ. იგივე აზრს იზიარებენ კონგრესსა და სენატში მინესოტას შტატის წარმომადგენლები, რომლებიც გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პირადად შეუერთდნენ.
23 წლის თავდამსხმელს ეკლექტური პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა. მტკიცებულებებს შორის აღმოჩენილია აირის ხელყუმბარები ანტისემიტური წარწერებით და დონალდ ტრამპის ლიკვიდაციის იდეით. მეორე მხრივ კი რობინ ვესტმენი სექსუალური უმცირესობებისა და თანასწორობის იდეის მხარდამჭერი იყო. წარსულში ის რობერტ ვესტმენის სახელით იმავე სკოლაში სწავლობდა, სადაც შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. 17 წლის ასაკში ვესტმენის დედამ სასამართლოს მიმართა და შვილისთვის სახელის შეცვლა მოითხოვა, რადგან მოზარდი თავს ტრანსგენდერ ქალად აიდენტიფიცირებდა.