პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" საზაფხულო ფაზა დაბა ურეკში გამართული სპორტული ბანაკით გაგრძელდა. მასშტაბური, დაუვიწყარი და მრავალფეროვანი ბანაკი - ასეთი შეფასება დაიმსახურა ბანაკმა - "ურეკი 2024".
სპორტულ ჩემპიონატებში, კერძოდ მჯდომარე ფრენბურთში, ფეინთბოლში, მშვილდოსნობაში,ნარდში, დომინოში, პარალიმპიურ სპორტის სახეობაში ბოჩა და კულინარიულ დუელში 80-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის შშმ გოგონებმა და ვაჟებმა, ასევე, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა და ონკოსაზოგადოების, კერძოდ "ევროპადონას" ბენეფიციარებმა.
ბანაკის ფარგლებში, თავი მოიყარა ქედის, საგარეჯოს, მარნეულის, თბილისის, რუსთავის, გორის, კასპის, ტყიბულის, ბაღდათის, ქუთაისის, ვანისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ბენეფიციარებმა.
ჩემპიონატები გაიმართა, როგორც ინდივიდუალურ, ასე გუნდურ დისციპლინებში. საკუთარი შესაძლებლობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბანაკის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა პირველად გამოცადა. გამოვლინდა 23პირველადგილოსანი, რომლებსაც დიპლომები და მედლები გადაეცათ. გათამაშდა 5 გარდამავალი თასი.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მონაწილეს არ შეხვდა საპრიზო ადგილები, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ პროექტის ყველა მონაწილე გამარჯვებულია და სულ მოუთმენლად ელიან ახალ გამოწვევებს.
პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი ძირითადი მიზნებია:
*კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით;
* შშმ პირთა, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა, ომის ვეტერანთა და ონკოსაზოგადოების წარმომადგენელთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება და მათთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლება.
ინფორმაციას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირი" ავრცელებს.