პროპაგანდისტული კამპანიაა პარლამენტის თავმჯდომარისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადება. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის შექმნილია, თუმცა ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. საქართველოს შემთხვევაში, 5 მაგალითს ასახელებს და თვლის, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული კამპანია დადასტურებაა, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მხოლოდ მშვიდობის პროექტის წევრობა საკმარისი არაა, თუ მას პასუხისმგებლობაც არ ახლავს.
რა მიზნით შეიქმნა 70-ზე მეტი წლის წინ ევროკავშირი და რა მისია აქვს გაერთიანებას - ამას ეხებოდა პოსტი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ Facebook-ზე გამოაქვეყნა. ტექსტში საუბარია, რომ გაერთიანება 50-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა, დღეს კი მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია. საქართველოსთან მიმართებით კი აღნიშნულია, რომ ქვეყნის სწრაფვა ინტეგრაციისკენ, ნიშნავს, რომ საქართველო ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილი გახდება.
მშვიდობის გარანტი მთავრობის მეთაურისთვის ქვეყნის სუვერენიტეტია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების ტენდენციამ აჩვენა, რომ ევრობიუროკრატების პრობლემა ობიექტურ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაა, რისი მიზეზიც გარე ძალების გავლენებით მართვაა.
დილემა, რომელზეც მმართველი პარტია საუბრობს, პრობლემად ვერ აღიქვამენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობით სწორედ ევროპაა დაინტერესებული.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში მშვიდობას საფრთხე სწორედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ნაწილი უქმნიდა. "ქართული ოცნება" ევროკავშირის წარმომადგენლობას, განცხადებების ნაცვლად, ქმედებებისკენ მოუწოდებს.
მმართველ გუნდში, დღეს, არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ამოცანა ევროკავშირში გაერთიანებაა. ამ ფონზე კი, ევროგაერთიანებისგან უსამართლო დამოკიდებულებაზე უარის თქმასა და ობიექტურ დამოკიდებულებას მოითხოვენ.