ორი წლის წინ მომხდარი სტიქიური უბედურება და მეწყერს შეწირული ადამიანების სახელები და გვარები კიდევ ერთხელ გვახსენებს 2023 წლის 4 აგვისტოს...
კვალი, რომელიც მეწყერმა დატოვა, კვალდაკვალ დაჰყვება იმ ადამიანებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს და მათი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა.
ზუსტად ორი წლის წინ, შოვის ტრაგედიამ საზოგადოება გააერთიანა - დაკარგულ ადამიანებს ერთიანი ძალებით ეძებდნენ ადგილობრივები, მოხალისეები და მაშველები, დღეს კი მათ დაღუპულების ხსოვნას პატივი გვირგვინით მიაგეს.
დღეს, შოვში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი. მათ ორი წლის წინ მომხდარი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ სამომავლო ნაბიჯებზე, რომელსაც სახელმწიფო სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით გადადგამს.
ტრაგედიის ადგილზე დაგეგმილია 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის აშენება. აქვე განთავსდება მემორიალი, რომელიც მეწყრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. დღეს ადგილზე პარაკლისი აღევლინა.
2023 წლის 4 აგვისტოს, რაჭის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, შოვში, მეწყრის მასამ 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ბავშვები.
ავტორი: სიმონ შანავა