NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა და მკაცრი ზომების გატარებაც დააანონსა. მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმაზეც ისაუბრა, რომ პუტინი მშვიდობის მიღწევაზე მხოლოდ საუბრობს და საპირისპიროს აკეთებს.
დონალდ ტრამპი თანახმაა ამერიკამ, NATO-ს გავლით, მაღალტექნოლოგიური საბრძოლო იარაღი უკრაინას მიაწოდოს. შტატების პრეზიდენტის განმარტებით, იარაღის ფასს NATO-ს წევრი ქვეყნები გადაიხდიან. საუბარია, უკრაინისთვის პატრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე. მართალია დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ იარაღი უკრაინას ძალიან სწრაფად უნდა გადაეცეს, თუმცა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგას შეხვდა, თქვა, რომ იარაღის უკრაინისთვის გადაცემას, გარკვეული დრო დაჭირდება.
ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკას, უკრაინის შეიარაღების გაძლიერების საკითხში, მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივანიც. მარკ რუტეს განცხადებით, ევროპელებისა და ამერიკელების შეთანხმება რუსეთისთვის ძლიერი გზავნილია.
დონალდ ტრამპის მზაობას, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს, უკვე მოყვა პასუხი რუსეთისგან. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპმა კრემლს თეატრალური ულტიმატუმი წაუყენა, რაც მოსკოვს არ ადარდებს. სერგეი ლავროვმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროკავშირისა და NATO-ს ზეწოლის ქვეშაა.
"პეტრიოტებთან" ერთად, ამერიკული მხარე უკრაინისთვის, შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების - "ტომაჰავკების" გადაცემის შესაძლებლობასაც განიხილავს. ამის შესახებ ამერიკული პრესა წერს. მედიის ცნობით, ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიული მოქმედებების მომხრეა. ამ ფონზე სიმპტომატურია სატელეფონო საუბარი, ზელენსკისას და ტრამპს შორის, რომლის შესახებ დამატებითი დეტალები Financial Times-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, შტატების პრეზიდენტმა ზელენსკის პირდაპირ კითხა, შეუძლია, თუ არა უკრაინას, მოსკოვს ან სანქტ-პეტერბურგს დაარტყას? - უკრაინის პრეზიდენტმა კი საპასუხოდ ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ კიევი ამისთვის მზადაა, თუ ვაშინგტონი იარაღს მიაწოდებს.