24 აგვისტო 2026,   15:39
ვრცლად
"ეს არის ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმა, როგორც ვითარების შეფასებაზე, ასევე ამ ვითარებიდან გამოსავალზე" - ელენე ხოშტარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

490 ხმით 147-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. დოკუმენტში საუბარია ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელებაზე, სანქციებზე, მზია ამაღლობელის და სხვა პატიმრების  გათავისუფლებაზე, ასევე ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე. 

ევროპარლამენტის რეზოლუციაში შევიდა ჩანაწერი, რომლის თანახმად, ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად. კიდევ არის მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც. საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კი სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული. მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტსა და ევრობიუროკრატების სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ ეს კანონიერად არჩეული ხელისუფლების დელეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტმა ამ ნაბიჯით პატივისცემა გამოხატა საერთო ეროვნული ბრძოლის მიმართ.

"ეს არის ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმა, როგორც ვითარების შეფასებაზე, ასევე ამ ვითარებიდან გამოსავალზე. ევროპარლამენტმა ვერდიქტი დაუსვა როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე უდიდესი მხარდაჭერა და პრაქტიკულად უდიდესი პატივისცემა გამოხატა ყველა იმ პოზიციის, შეგრძნების, აზრის მიმართ, რომელიც ისმის რუსთაველზე. ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი პროდასავლური, პროქართული, საერთო ეროვნული ბრძოლის", - აცხადებს პარტიის "დროას" დამფუძნებელი, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

დღის ამბები