25 აგვისტო 2026,   03:58
ვრცლად
"რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა?" - დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია დღეს დისტანციურად გამოკითხეს

"რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა?" - დისტანციურად გამოსაკითხ გახარიასთან კომისიას თავდაპირველად ეს კითხვა ჰქონდა. მიღებულ პასუხზე კი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა მოსთხოვეს, რაზეც შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა უარი განაცხადა. პირველი კამათი სხდომაზე სწორედ ამ საკითხს მოჰყვა.

რატომ თანამშრომლობს კომისიასთან, თუ არც პარლამენტს აღიარებს და არც მანდატების გაუქმება აღელვებს? - მორიგი კითხვა უკვე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაისვა. 

გიორგი გახარია არც იმას აღიარებს, რომ მისი გადაწყვეტილების შედეგად მილიონი კვადრატული მეტრი ტყის მასივი საქართველოს ხელისუფლების კონტროლის მიღმა აღმოჩნდა.

რატომ გახდა საჭირო ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა და ვისთან შეათანხმა ეს ნაბიჯი? - კომისიის წევრების კითხვებს გახარიას მხრიდან ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მოჰყვა.

რატომ ეწინააღმდეგება გახარიას ჩვენებები ადგილობრივთა მონაყოლს? - გიორგი გახარიას საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ელგუჯა ხარაზიშვილის განცხადებაც შეახსენეს, რომლის მიხედვითაც ის ყვებოდა, რომ ტყეს, რომლითაც მოსახლეობა მანამდე შეუფერხებლად სარგებლობდა, 2019 წლის შემდეგ ვეღარ უახლოვდება.

კომისიის მხრიდა მოყვანილი არგუმენტების მიუხედავად, გიორგი გახარია საათ-ნახევრის განმავლობაში მაინც ამტკიცებდა, რომ მისი გადაწყვეტილების შედეგად საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. თუმცა, თავადვე განაცხადა, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის შემდეგ, საოკუპაციო ძალების ბლოკ-პოსტები აშენდა, სწორედ ქართული საგუშაგოები უნდა მდგარიყო.

კომისიის წევრების ხმაურიანი კითხვების საპასუხოდ, გახარია რუსეთის ინტერესებზე საუბრობდა, რაზეც მას წარსული და პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც შეახსენეს.

სწორედ 20 ივნისი იყო კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გახარიას მორიგ ჯერზე თავის მართლება მოუხდა. კითხვა დაისვა იმაზეც, რატომ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი პარლამენტის შენობაში სწორედ იმ ოთახში, საიდანაც გახარია საპოლიციო ღონისძიებებს გეგმავდა?

დაბრუნდება თუ არა და როდის გიორგი გახარია საქართველოში - დისტანციური ჩართვის დროს ამაზე ექსპრემიერს არაფერი უთქვამს, თუმცა დაადასტურა, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება და პროცესში თავადაც ჩართულია.

 

 

 

დღის ამბები