ერთპიროვნული პოლიტიკური, ფინანსური და საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წევრები, ოთარ ზურაბიშვილს ადანაშაულებენ. სალომე ზურაბიშვილის ძმა, რომელიც ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ემიგრანტების ბრალდების ადრესატი მას შემდეგ გახდა, რაც 104 წლის წინ შექმნილი ქართული სათვისტომოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენება დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები, თანამშრომლების გათავისუფლება და საჯარო განცხადებები სათვისტომოს სახელით - ეს ის მიზეზებია, რის გამოც საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა, ზურაბიშვილს და ასოციაციის სხვა წევრებს საგანგებო წერილით მიმართეს.
ქართული სათვისტომოს წევრები ამბობენ, რომ ოთარ ზურაბიშვილმა, საკვანძო პოზიციებზე მყოფ თანამშრომლებს, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტს, ჯერ თანამდებობის დატოვება აიძულა, შემდეგ კი მის ნაცვლად საკუთარი შვილი დანიშნა. თვითნებური და შეუთანხმებელი მოქმედებების გამო, ასოციაციის წევრები, ზურაბიშვილს, საფრანგეთის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ბრალდებებს არ პასუხობს მთავარი ადრესატი. სალომე ზურაბიშვილის ძმამ, დღეს, "კურიერთან" სატელეფონო საუბარი არ ისურვა, მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში კი თქვა, რომ დაკავებულია.
ოთარ ზურაბიშვილის პოზიციების დაცვა დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" სცადეს და თქვეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ძმასთან პრეტენზიები არ აქვთ. გახარიას გუნდში კი ვერ უარყოფენ, რომ ქართული სათვისტომოს პოლიტიკური მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
ქართული სათვისტომოს ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტია ემიგრანტების დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ოთარ ზურაბიშვილს აკისრებს.
ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია საფრანგეთში ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობს, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებშიც.