ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები რამდენიმე საათში დაიწყება. PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაგეგმილი დებატების სახელწოდებაა - "საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება".
სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც დებატებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთეს.
"გაიმართება დებატები საქართველოს საკითხზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ჩვენ ამ საკითხზე სასაუბროდ შევხვდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების აუცილებლობაზე," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი იმედოვნებს, რომ პარტნიორები სწორად შეაფასებენ იმ "უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც საქართველოშია".
"ველი იმას, რომ ჩვენი მრავალი წლის პარტნიორები, საქართველოს მეგობრები და ჩვენი ქვეყნის ქომაგები სწორად შეაფასებენ იმ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს დადგა და რომლის მიზეზი, ავტორი და შემოქმედი არის "ქართული ოცნება". ახლა გინდა ყირაზე დადგნენ, გინდა ცალ და გინდა ორ ფეხზე - შეფასებები იქნება და ეს შეფასებები მწვავეა", - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.