საკანონმდებლო ცვლილებებით დაზარალებულებისთვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურება მარტივდება. თაღლითობა, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა - დაზარალებულებს, რომლებსაც სწორედ ამ დანაშაულის შედეგად მიადგათ ქონებრივი ზიანი, შესაძლებლობა ექნებათ გამარტივებული გზით მოითხოვონ დანაშაულის ჩამდენი პირისგან მისი ანაზღაურება.
ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული ქონებას ახლო ნათესავზე გაასხვისებს და მას დაუსაბუთებელი ქონება დაუდასტურდება, დანაშაულის ჩამდენი პირი პასუხისგებაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ფულის გათეთრებით ბრალდებით მიეცემა, დაზარალებულს კი, ფინანსური ზიანი დანაშაულის ჩამდენი პირის ახლო ნათესავისგან ჩამორთმეული ქონებით აუნაზღაურდება. ინიციატივის მიზნებსა და საჭიროებებზე კანონპროექტის ავტორი საუბრობს. არჩილ გორდულაძის თქმით, ყველა პირი, ვინც ფინანსურ დანაშაულს ჩაიდენს, პასუხს კანონის წინაშე აგებს.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი ინიციატივა კონკრეტული პირების წინააღმდეგ არის მიმართული.
დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვასა და კანონის საჭიროებაზე საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების მიზანი მოქალაქეების დაცვა და კეთილდღეობაა.
ახალ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს მომავალში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი