ტრადიციული სიგარეტებიდან ალტერნატიულ პროდუქტებზე გადასვლა, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტები, ნიკოტინის ბალიშები ან გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, გამორიცხავს წვის მავნე ეფექტებს, რომელიც ტოქსიკური ქიმიკატების ძირითადი წყაროა. მოწევისგან განსხვავებით - რაც ორგანიზმს კარციროგენებით ავსებს, როგორებიცაა კუპრი და ნახშირბადის მონოქსიდი, ეს ალტერნატივები მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას..011
Public Health England-ის მონაცემებით, ელექტრონული სიგარეტები ტრადიციულ სიგარეტებზე დაახლოებით 95%-ით ნაკლებად მავნეა. ასევე, Harm Reduction Journal-ში გამოქვეყნებული კვლევები აჩვენებს, რომ მწეველები, რომლებიც გადადიან დაბალი რისკის პროდუქტებზე, განიცდიან სუნთქვითი ფუნქციის არსებით გაუმჯობესებას და ამცირებენ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების, როგორიცაა ფილტვის კიბო და ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება (COPD), განვითარების რისკს.
ანალოგიურად, 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიკოტინის პაკეტებს ტოქსიკურობის პროფილი გააჩნიათ, რომელიც შეესაბამება დამტკიცებულ ნიკოტინის შემცვლელ თერაპიებს. ნიკოტინის ბალიშების ზიანის შემცირების პოტენციალს აღიარებს მრავალი ევროპული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უწყება. გერმანიის რისკების შეფასების ფედერალურმა ინსტიტუტმა (BfR) განაცხადა, რომ სიგარეტიდან ნიკოტინის ბალიშებზე გადართვა, მწეველი პირისთვის შესაძლოა ჯანმრთელობის რისკების შემცირებას წარმოადგენდეს. ამ მოსაზრებას იზიარებს დიდი ბრიტანეთის ტოქსიკურობის კომიტეტის რეზიუმეც, სადაც ნათქვამია, რომ სწორი წარმოებისა და გამოყენების პირობებში, ნიკოტინის ბალიშები დაკავშირებულია ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების შედარებით დაბალ რისკთან, ვიდრე მოწევა.
საქართველოში, ეს ცვლილება ნიშნავს არამხოლოდ უკეთესი ჯანმრთელობის შედეგს, არამედ ოჯახებისა და ჯანდაცვის სისტემების ეკონომიკური დატვირთვის შემცირებასაც. მავნე ტოქსინების ზემოქმედების შემცირებით, ინდივიდებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ სერიოზული დაავადებები და ცხოვრების ჯანსაღი და პროდუქტიული სტილი აირჩიონ.
სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი
გადართვას ფართო მასშტაბით აქვს პოტენციალი, რომ მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინოს. საერთაშორისო და ადგილობრივი თამბაქოს ზიანის შემცირების ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიში, სახელწოდებით Lives Saved Report-ი ხაზგასმით აჩვენებს ზიანის შემცირების სტრატეგიების გარდამტეხ გავლენას იმ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს მოხმარების დონე მაღალია. ანგარიში პროგნოზირებს, რომ თუ ზიანის შემცირების ალტერნატივები ფართოდ იქნებოდა დანერგილი, ათწლეულების განმავლობაში ასობით ათასი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელების შემცირებით.
საქართველოში, სადაც მოწევისგან გამოწვეული დაავადებები კვლავ მთავარ საზოგადოებრივ პრობლემად რჩება, მწეველების გადართვის წახალისება ათასობით ნაადრევი სიკვდილის პრევენციის საშუალებას იძლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო ასაკის და ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ეწეოდნენ და შესაბამისად, აქვთ გულისა და სისხლძარღვების დაავადებების, კიბოსა და სხვა ქრონიკული მდგომარეობების განვითარების გაზრდილი რისკი.
პრაგმატული მიდგომა ჯანმრთელი მომავლისთვის – შვედეთის მაგალითი
ბევრი მწეველისთვის, ჯანმრთელი ცხოვრებისკენ გადადგმული ნაბიჯები მცირე, მართვადი ცვლილებებით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ მოწევის სრულად შეწყვეტა იდეალური მიზანია, ნაკლებად მავნე ალტერნატივებზე გადასვლა ამ მიზნისკენ მიმავალი ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არ არიან შეწყვიტონ მოწევა, ერთგვარ ხიდს წარმოადგენს. ეს პროდუქტები მომხმარებლებს მეტ მოქნილობას სთავაზობს, რაც საშუალებას აძლევს ნიკოტინის მიღება გააკონტროლონ და ეტაპობრივად შეამცირონ დამოკიდებულება.
სრულად გადასვლა ასეთ ალტერნატივებზე არა მხოლოდ ამცირებს ინდივიდუალური ჯანმრთელობის რისკებს, არამედ ხელს უწყობს ფართო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნების მიღწევას — ამცირებს მოწევის გავრცელებას, თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების რაოდენობას და ამსუბუქებს ჯანდაცვის სისტემებზე არსებულ დატვირთვას.
შვედეთი ამ მიდგომის წარმატების ნათელი მაგალითია: ბოლო 60 წლის განმავლობაში ქვეყანამ საგრძნობლად შეამცირა მოწევის გავრცელება; 1960-იან წლებში მამაკაცთა 49%-დან 2022 წლისთვის ზრდასრულთა 5.6%-მდე დაიყვანა - ეს შედეგი დიდწილად განპირობებულია უკვამლო პროდუქტებზე მასობრივი გადასვლით, როგორიცაა სნუსი, ვეიპი, ნიკოტინის ბალიშები და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები. შედეგად, შვედეთმა პრაქტიკულად შექმნა უკვამლო თაობა, რომელიც, მიუხედავად ნიკოტინის გამოყენების გაგრძელებისა, გაცილებით ნაკლებად განიცდის თამბაქოსთან დაკავშირებულ დაავადებებს. ამჟამად, შვედეთს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყოველდღიური მწეველების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს — მხოლოდ მოსახლეობის დაახლოებით 6% ეწევა, მაშინ როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ია. ეს მკვეთრი კონტრასტი უსვამს ხაზს შვედეთის ზიანის შემცირების მიდგომის ეფექტიანობას და ქმნის ძლიერ მაგალითს ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო, რომელთაც სურთ გააუმჯობესონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შედეგები.
მოწევიდან ალტერნატიულ პროდუქტებზე გადასვლა ნიშნავს არამხოლოდ პირადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, არამედ მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას. სწორი ინფორმირებულობით, განათლებითა და პასუხისმგებლიანი რეგულირებით, ზიანის შემცირების სტრატეგიები ქართველ მწეველებს გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება და, საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.
მწეველების ალტერნატივებზე გადასვლის წახალისება არა კომპრომისი, არამედ ნაბიჯია გრძელვადიანი ცვლილებებისკენ. ზიანის შემცირების სტრატეგიების დამკვიდრებით, ჩვენ შევძლებთ გადავარჩინოთ სიცოცხლე, შევამციროთ მოწევისგან გამოწვეული დაავადებების ტვირთი და შევქმნათ უკეთესი მომავალი თითოეული ადამიანისთვის, ოჯახისთვის და ქვეყნისთვის.