ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი, რომელიც ძალაში დღეს შევიდა, უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ავალდებულებს, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტები წარადგინონ.
"ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანა მეტად დაცული იყოს.
"ეს კანონი თავდაპირველადვე პრობლემას წარმოადგენდა კოლექტიური გიგაურებისთვის, ლომჯარიებისთვის და ა.შ. რომლებიც ძირის გამომთხრელ სამუშაოებს ეწევიან ჩვენს ქვეყანაში და მუდმივად არიან ჩართულები რევოლუციური სცენარების მოწყობაში. იქიდან გამომდინარე, რომ გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა ისეთი ეფექტი ვერ მოგვცა, რადგან მდიდარ "ენჯეოებს" ერჩიათ, რომ ჯარიმები გადაეხადათ, ნაცვლად იმისა, რომ გაესაჯაროებინათ თავიანთი მიღებული და დახარჯული თანხა, დადგა იმის აუცილებლობა, რომ ერთი-ერთში გადმოგვეღო ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონი, რომელიც წერტილ-მძიმით არის გადმოტანილი და რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენი კანონი, ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.
გამჭვირვალობის გამოწვევა, როგორც ასეთი, მხოლოდ საქართველოში არ დგას - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავადვე ამხილა ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით - იგივე USAID-ი, NED-ი და ა.შ. რომ ისინი ძირგამომთხრელ სამუშაოებს ეწეოდნენ მსოფლიოს მასშტაბით, იქ საქართველოც იყო ნახსენები, სადაც პირდაპირ რევოლუციებში იყვნენ ჩართულები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.