25 აგვისტო 2026,   07:51
ვრცლად
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ 2021 წელსაც და ახლაც ნიკა მელიას საქმეზე, საელჩოების განცხადებებს "დიფ სთეითის" ნება განსაზღვრავდა - მელია გირაოს გადახდას უკვე მეორედ არ აპირებს

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ 2021 წელსაც და ახლაც ნიკა მელიას საქმეზე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების განცხადებებს ე.წ. დიფ სთეითის ნება განსაზღვრავდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მასზე დაკისრებული გირაოს გადახდას უკვე მეორედ არ აპირებს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა, დღეს 2021 წლის თებერვალში დიპლომატების მიერ მელიას დაკავების უკანონობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენეს, რომელიც 2023 წლის 7 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააბათილა.

მოუწოდებენ თუ არა საელჩოები სტრასბურგის პრეცედენტული განაჩენის შემდეგ, მელიას კანონის აღსრულებისკენ - ამ კითხვით დღეს "რუსთავი 2-მა" რამდენიმე დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. დუმს თავად მელიაც. მისი ოპოზიციონერი კოლეგები კი ამტკიცებენ, რომ საელჩოებს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი არასდროს გაუკეთებიათ. ხელისუფლების ოპონენტები მელიას ქმედებას უალტერნატივო პოლიტიკურ აქტად მიიჩნევენ.

ოპონენტების პოზიცია და საელჩოების დუმილი საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ოპოზიციაა დიპლომატების ნაწილთან ერთად საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ ოპერირებს. მიზანი კი მუდმივად პოლარიზაციის გაღრმავების სტიმულირებაა.

2023 წლის სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომ პრეცედენტულ ხასიათს ატარებდა ამაზე დღეს იუსტიციის სამინისტროშიც ისაუბრეს. უწყებაში განმარტეს, რომ ნიკა მელიას მაგალითზე ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა ინსტანციამ ქართული სამართლის ევროპული სტანდარტი დაადასტურა.

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეს, საქალაქო სასამართლომ გირაო საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკისრა. ნიკა მელიას სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეშია ჩანიშნული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არც დარბაზში მისვლას და არც თანხის გადახდას არ გეგმავს.

დღის ამბები