"ხვალინდელი დღის მშვიდობიანად ჩატარება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხი და მჯერა, რომ სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე და ნებისმიერი პროვოკაცია იქნება თავშივე აღკვეთილი", - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ალტერნატიული აქტივობა, რომლის მიზანიც პროვოკაციის მოწყობა, სტაბილურობის შერყევა და არეულობის მცდელობაა უნდა იქნეს აღკვეთილი.
"აანონსებენ რაღაც გაურკვეველი ტიპის ალტერნატიულ ღონისძიებებს, რაც ცალსახად არის პროვოკაცია და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს რაიმენაირად მოხდეს საზოგადოებრივი დაპირისპირება. ცალსახად უნდა იქნას აღკვეთილი კანონის სრული სიმკაცრით და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სამსახურები ასეც იმოქმედებენ და ქართულ საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა მშვიდ გარემოში აღნიშნოს ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული.
ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი. ჩვენ ვნახეთ, რომ პრაგმატულმა, რაციონალურმა მიდგომამ, დათმობამ, მოთმინებამ ამ ადამიანებზე არანაირი პოზიტიური გავლენა არ იქონია. ეს ხდება პირდაპირ დაკვეთით და პირადად ჩამოდიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი განცხადებებით, რეზოლუციებითა თუ ყოველდღიური საქმიანობით შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ამიტომ, ხვალინდელი დღის მშვიდობიანად ჩატარება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხი და მჯერა, რომ სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე და ნებისმიერი პროვოკაცია იქნება თავშივე აღკვეთილი", - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.