25 აგვისტო 2026,   08:19
ვრცლად
"დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საია-ს იურისტებმა იურისპრუდენციის ანბანი ნამდვილად იციან, მაგრამ ეს ადამიანები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს" - არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნება" საია-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

საია-ს არგუმენტად მოჰყავს ფაქტი, რომ სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კოდექსში და ამ შემთხვევაში უპირატესობა მსუბუქ ნორმას უნდა მიენიჭოს.

"როდესაც ადმინისტრაციულითაც არის დასჯადი და სისხლითაც, რატომ უნდა ხდებოდეს გამოყენება უფრო მკაცრი ფორმის, მაშინ როდესაც ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს წინასწარ იმის აღქმა, თუ რომელ კანონს გამოიყენებენ მის წინააღმდეგ. იმ პირობებში, როდესაც გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ ადამიანები, სასამართლოში ცხადდებოდნენ და არანაირად არც მიმალვის, არც მტკიცებულებების განადგურების რისკები არ არსებობდა, სრულიად გაუმართლებელი არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და პატიმრობის გამოყენება. ასეთი განუჭვრეტელი ნორმის გამოყენება საუარესოდ, არის არაკონსტიტუციური მიდგომა," - აღნიშნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

საია-ს ამ პოზიციას მიზანმიმართულ დეზინფორმაციად აფასებს "ქართული ოცნება," სადაც დღეს კანონი განმარტეს.

"დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საია-ს იურისტებმა იურისპრუდენციის ანბანი ნამდვილად იციან, მაგრამ ეს ადამიანები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეათე მუხლში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლებელია დადგეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევაში არ არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები.

კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გაავრცელეს საია-ს წარმომადგენლებმა, ეს არის ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ერთმანეთთან წინააღმდეგობის შემთხვევაში მოქმედებს ის აქტი, რომელიც უფრო გვიან არის მიღებული. 1995 წლიდან არსებობს სამართალდარღვევათა კოდექსში ჩანაწერი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში 1999 წლიდან. შესაბამისად, უფრო მიღებული არის სისხლის სამართლის კოდექსი და ესეც აბსოლუტური ტყუილია, რომ უნდა იყოს გამოყენებული სამართალდარღვევათა კოდექსი. ეს არის ანბანი, რომელიც წესით ნებისმიერმა თავმოყვარე იურისტმა უნდა იცოდეს. მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც არიან გარედან დაფინანსებულები, მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, ცდილობენ, რომ საზოგადოება მოატყუონ და რადიკალიზაციასაც შეუწყონ ხელი," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლადო ბოჟაძემაც.


"წაკითხული კანონის არასწორი ინტერპრეტაცია და როგორც ჩანს, პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც შეიძლება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს, ეს აშკარაა და იკითხება.

ის ადამიანი, რომლებმაც უარი თქვეს ამ კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე, თავად აქვთ ამ კანონისთვის ხმა მიცემული, ჯერ კიდევ 90-ან წლებში.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სისხლის სამართლის კოდექსში წერია, კონკრეტული მუხლი, რომელიც კონკრეტულ სავარაუდო დანაშაულს ეხება.

როცა პოლიტიკოსმა იცი, რომ შენი მთავარი მოვალეობაა, კანონის უზენაესობას სცე პატივი და ამას არ აკეთებ იმიტომ, რომ გირჩევნია ციხეშიც კი წახვიდე, ვიდრე იმ კითხვებს გასცე პასუხი, რომელიც აქვს კომისიას და მთელს საქართველოს შენს მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხები არ გაქვს ან გირჩევნია ციხეში წახვიდე, ვიდრე ამ კითხვებს პასუხი გასცე, ამიტომ ეს ქმედება არის სრულიად კანონიერი", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები